პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მმართველ კოალიციაში შემავალი მისი პარტია ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას დაბლოკავს, ვიდრე ვოლინის ტრაგედიაზე სიმართლე არ დადგინდება
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, „ფერმერების პარტიის“ თავმჯდომარე ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა, დაადასტურა, რომ არ დაეთანხმება უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში, ვიდრე ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ექსჰუმაციისა და ხსოვნის საკითხი არ გადაწყდება.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
პოლონეთ – უკრაინის ამჟამინდელი პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ „სამხედრო დახმარების საკითხი ჰუმანურობაა, დაკავშირებულია პოლონეთის უსაფრთხოებასთან“, თუმცა, მისივე თქმით, „აუცილებელია ეკონომიკური თუ ისტორიული საკითხების გარკვევა“.
„არ ვცვლი მოსაზრებას, თუმცა ვხედავ, რომ პრეზიდენტი დუდა სხვაგვარად ფიქრობს. უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, მე არ მივცემ ჩემს თანხმობას, თუ ის არ გადაწყვეტს ვოლინის საკითხს“, – განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.
მისივე თქმით მაშინაც კი, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები თანხმობას გამოთქვამენ უკრაინის წევრობაზე, მისი პარტია, რომელიც მმართველ კოალიციაში შედის, წინააღმდეგი იქნება, თუ არ ჩატარდება ექსჰუმაცია და არ მოხდება მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მიგება.
„ევროკავშირში გაწევრიანება განვითარებისკენ გადადგმული ქმედება, სახელმწიფოს ფუნქციონირების დონის ასამაღლებლად. ამისთვის საჭიროა გარკვეული პირობების შესრულება, არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ სიმართლისადმი, ისტორიისადმი მიდგომის თვალსაზრისითაც. ისტორია არ არის ისტორიკოსებისთვის, როგორც მინისტრმა კულებამ თქვა, ეს ყველაზე ცუდი ფორმულირებაა, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქვეყნის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით „ის, ვინც დაბლოკავს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში, პუტინის პოლიტიკის ნაწილია“.
„მას პრინციპულად არ ვეთანხმები. ფუნდამენტური პრინციპია ევროკავშირში გაწევრიანების პირობების დადგენა, როგორიცაა ისტორიული სიმართლე, წარსულთან შერიგება და სხვების პატივისცემა, ვისთან ერთადაც გსურს იყო ამ კავშირში. როდის უნდა დავადგინოთ ეს პირობები?“ – განაცხადა კოსინიაკ -კამიშმა.
პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჯერ კიდევ ზაფხულში დაასახელა ვოლინთან დაკავშირებული ისტორიული დავების გადაწყვეტა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პირობად.
ცნობისთვის, 1-ელ ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ პოლონეთში გამართული მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი 2025 წელს გეგმავს პოლონელთა ნეშტის ძიებისა და ექსჰუმაციის სამუშაოების დაწყებას როვნოს ოლქში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ გეგმას მიესალმება.