პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ფერმერების აქციის მონაწილის მიმართ, რომელმაც ბანერით ვლადიმერ პუტინს დახმარებისთვის მიმართა, შესაბამისი ზომებს მიიღებენ
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარკინ კერვინსკი გამოეხმაურა უკრაინის საზღვარზე გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის მოწოდებას, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წესრიგის აღდგენას სთხოვდა.
ფერმერების საპროტესტო აქციაზე, ერთ-ერთ ტრაქტორზე გამოკრულ ბანერზე ეწერა: „პუტინ, აღადგინე წესრიგი უკრაინაში, ბრიუსელში და ჩვენს ოფიციალურ პირებთან“. ბანერის გვერდით კი საბჭოთა კავშირის დროშა იყო აღმართული.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოსტერის ავტორის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
„პოლიცია და პროკურატურა ახორციელებს ზომებს ავტორის წინააღმდეგ. ჩვენგან არ იქნება თანხმობა მსგავს დანაშაულებრივ ქმედებებზე“, – განაცხადა კერვინსკიმ.
აქციის ორგანიზატორებმა კი განაცხადეს, რომ პოსტერების შინაარსზე აქციის მონაწილეებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
დღეს, დილიდან პოლონელი ფერმერები, ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტის შეჩერების მოთხოვნით, უკრაინის საზღვარს ბლოკავენ. პოლონელი ფერმერების საპასუხოდ, უკრაინელმა მძღოლებმა ორი ქვეყნის საზღვარზე კონტრაქცია დაიწყეს.