პოლონეთის სენატმა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო
პოლონეთის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად აღიარების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია პოლონეთის სენატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„რუსეთის აგრესიის წინაშე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უთანხმოება არ არის“, – ნათქვამია სენატის განცხადებაში.
მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერ ქვეყნებს, აღიარონ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად.
პოლონეთის სენატის წევრები მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სასტიკი ომის მიზანია სუვერენული ქვეყნისა და უკრაინელი ერის განადგურება. სენატორებმა რუსეთის აგრესიის უპრეცედენტო სისასტიკეს და დამნაშავეების დასჯის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.