პოლონეთის სენატმა არჩევნებზე ფოსტით ხმის მიცემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
პოლონეთის სენატმა მხარი არ დაუჭირა მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც კოორნავირუსის გამო საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემას ფოსტით ითვალისწინებს. საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში 10 მაისს არის დაგეგმილი.
ოპოზიცია, რომელიც სენატში უმრავლესობას ფლობს, არჩევნების გადავადებას ითხოვს. ამის მიზეზად ოპოზიციონერი დეპუტატები „კოვიდ-19“-ის პანდემიას ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ 30 მილიონი ამომრჩევლისთვის ბიულეტინების დროულად მიწოდება ფოსტით შეუძლებელია.
პოლონეთის კონსტიტუციით, სენატს შეუძლია, პარლამენტის ქვედა პალატის სეიმის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს, თუმცა ქვედა პალატას სენატის ვეტოს დაძლევა აბსოლუტური უმრავლესობით შეუძლია. სეიმში უმრავლესობას მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ ფლობს. კანონპროექტზე ქვედა პალატაში კენჭისყრა 7 მაისს იგეგმება.
მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი მოქმედი ლიდერი ანჟეი დუდაა. ის სოციალური გამოკითხვებით, წინასაარჩევნო რბოლის ლიდერია.
10 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტისკენ მოქალაქეებს პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა და ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმაც მოუწოდა. ევროკომისიაში კი აცხადებენ, რომ ფოსტით არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.