პოლონეთის სენატის მარშალი - ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ პოლონეთი, უკრაინა, საქართველო, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და სლოვაკეთი რეზოლუციის პროექტს მოამზადებენ
ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ პოლონეთი, უკრაინა, საქართველო, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და სლოვაკეთი ერთობლივი რეზოლუციის პროექტს მოამზადებენ – ამის შესახებ პოლონეთის სენატის მარშალმა, სტანისლავ კარჩევსკიმ „პოლსკიე რადიო“-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კარჩევსკის თქმით, ლუბლინის კავშირის 450 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეები ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდნენ. კარჩევკის განცხადებით, შვიდი ქვეყანა იმუშავებს, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც რუსეთის დაბრუნებას მხარი არ დაუჭირეს, ევროსაბჭოში უფრო მკაცრი პოზიცია გამოხატონ.
პოლონეთის სენატის მარშალის თქმით, რუსეთის დაბრუნების მოწინააღმდეგე ქვეყნები არსებული ვითარებით აღშფოთებულები არიან.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთს უფლებამოსილებები 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ შეუზღუდეს. გასულ კვირაში, ასამბლეის წევრების უმრავლესობამ რუსეთის დაბრუნებას მხარი დაუჭირა.