პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსული და ბელარუსული საკვები პროდუქტების იმპორტზე
პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსული და ბელარუსული საკვები პროდუქტების იმპორტზე

პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსული და ბელარუსული საკვები პროდუქტების იმპორტზე.

შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 441-მა დეპუტატმა, ორმა კი თავი შეიკავა.

„მოვუწოდებთ ევროკომისიას, წარადგინოს წინადადება სანქციების დაწესების შესახებ რუსული და ბელარუსული საკვებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ევროკავშირში იმპორტზე“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს რუსეთიდან და ბელარუსიდან უზარმაზარი შემოსავალი მოაქვს მათი მწარმოებლებისთვის, გამყიდველებისა და ბიუჯეტებისთვის.

„ჩვენი მორალური მოვალეობაა, შევაჩეროთ ვაჭრობა, რომელმაც შეიძლება, პირდაპირ ან ირიბად შეუწყოს ხელი რუსეთსა და ბელარუსს, გააგრძელონ ომი უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, პოლონეთმა, ლატვიის მსგავსად, რუსეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვა დააწესოს.