მატეუშ მორავიეცკი - პოლონეთში კანონის უზენაესობის პრინციპის უხეშად დარღვევა მოხდა, ერთი მინისტრი, ერთი გადაწყვეტილებით ანადგურებს სამართლებრივ წესრიგს, უგულებელყოფს კანონს, კონსტიტუციას
პოლონეთის კულტურის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს Pap-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ, პროტესტი მოჰყვა.
მედიასაშუალებების მხარდასაჭერად საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში ქვეყნის ყოფილი მმართველი პარტიის „კანონისა და სამართლიანობის“ წევრები იმყოფებოდნენ, მათ შორის იყო ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი.
„პოლონეთში კანონის უზენაესობის ნებისმიერი პრინციპის ძალზე უხეში დარღვევა მოხდა. ყველა უნდა იყოს ინფორმირეული ამის შესახებ. ერთი მინისტრი, ერთი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ანადგურებს სამართლებრივ წესრიგს და უგულებელყოფს ორივეს, კანონსა და კონსტიტუციას“, – აღნიშნა მორავიეცკიმ საზოგადოებრივ მაუწყებელში მისვლისას.
როგორც ცნობილია, საზოგადოებრივ მაუწყებელს „კანონი და სამართლიანობის“ პარტიის მმართველობის პერიოდში ადანაშაულებდნენ მთავრობის მხარდაჭერასა და სიძულვილის ენის გავრცელებაში ოპოზიციის, ლგბტქ თემის და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიმართ, რომლებიც მთავრობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს, PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ განაცხადა.
ამასთან, გაითიშა 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP INFO, რომელსაც პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდა.