პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი კატეგორიულად უარყოფს ევროვიზია 2022-ზე პოლონეთის ჟიურის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და მას უსაფუძვლოს უწოდებს
პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი TVP „ევროვიზია 2022“-დან პოლონეთის ჟიურის ხმების გაუქმებას ეხმაურება. ისინი უარყოფენ რაიმე მონაწილეობას ხმებით მანიპულირებაში, როგორც მაუწყებლის, ისე პოლონელი ჟიურის მხრიდან.
„პოლონეთის ტელევიზია კატეგორიულად უარყოფს პოლონელი ჟიურის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და მას უსაფუძვლოსა და სასაცილოს უწოდებს. მათ ხმა მისცეს მხოლოდ საკუთარი გრძნობებისა და შეხედულებისამებრ, ხმის მიცემის ყოველგვარი ალგორითმის გათვალისწინების გარეშე. უკრაინისთვის უმაღლესი შეფასების მიცემით, მათ აჩვენეს თავიანთი დამოუკიდებლობა და რაიმე კავშირის არარსებობა მათ ნიშნებსა და სხვა ქვეყნების მიერ პოლონეთისთვის მიცემულ ხმებს შორის.
უახლოეს დღეებში პოლონეთის ტელევიზია ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორს, EBU-ს წარმომადგენლებს ვითარებას აუხსნის. მათ ეცნობებათ TVP-ის პროტესტის შესახებ და მოითხოვენ ხმების გამჭვირვალობისა და ქულების მინიჭების წესის გაუმჯობესებას, რათა არ გამოიწვიოს ზედმეტი დაბნეულობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მანამდე EBU-მ განაცხადა, ევროვიზია 2022-ის მიმდინარეობისას ხმების არასწორი სქემით მიცემის გამო, ექვსი ქვეყნის ჟიურის შეფასება გაუქმდა.
ეროვნული ჟიურის მიერ დაწერილ ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. თუმცა ფინალურ შოუზე ქულების გამოცხადებისას აღმოჩნდა, რომ საქართველოსგან 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს მიენიჭა. ევროვიზიის ქართულმა დელეგაციამ, რომელიც კონკურსს ესწრებოდა, გააპროტესტა შექმნილი ვითარება ევროვიზიის ორგანიზატორთან, ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU). ამ დროისთვის EBU-ში მიმდინარეობს მოკვლევა და მაუწყებელი ელოდება შედეგებს. ამასთანავე, მსგავსი პრობლემა შეექმნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კიდევ რამდენიმე ქვეყანას, რაზეც მიმდინარეობს მოკვლევა ევროპის მაუწყებელთა კავშირში.