პოლონეთის სასაზღვრო დაცვის უფროსი აცხადებს, რომ არალეგალი მიგრანტების მიერ პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის გარღვევის მცდელობის შედეგად მესაზღვრეები დაშავდნენ
პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ბოლო ორი დღის განმავლობაში 307-მა არალეგალმა მიგრანტმა სცადა. მიგრანტების აგრესიული ქმედების შედეგად ორი პოლონელი სამხედრო დაშავდა, რომელთა ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ამის შესახებ პოლონეთის სასაზღვრო დაცვის უფროსმა, მიხაილ ბურამ განაცხადა.
მისი თქმით, აგრესიულად განწყობილმა მიგრანტებმა ტექნიკური ბარიერის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, რამაც სამხედროებთან შეტაკება გამოიწია.
მესაზღვრეებმა სამედიცინო დახმარება უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს გაუწიეს, ასევე დააკავეს ოთხი ე.წ. კურიერი, რომლებიც ამ ადამიანებს ეხმარებოდნენ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ბელარუსის საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო ადგილზე ბუფერული ზონა აღდგება.