პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების მიერ სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის განახლების გამო. შესაბამის განცხადებას საგარეო უწყება თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.
„2011 წლიდან მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი სასტიკად აისახება საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობაზე. ამის შედეგად იზღუდება ადამიანებისა და საქონლის თავისუფალი გადაადგილება. ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების მიერ განხორციელებული მორიგი უკანონო ქმედება არა მხოლოდ ართულებს ისედაც საშინელ ჰუმანიტარულ სიტუაციას, არამედ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პოლონეთის საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის კონფლიქტამდელ პოზიციებზე ძალების გაყვანა, საქართველოს რეგიონების ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების უკან გახმობა და რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავი შეშვება.