პოლონეთის საგარეო უწყება ბელარუსისგან ითხოვს, რომ პოლონელი მესაზღვრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გადასცეს
პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე 28 მაისს დაჭრილი პოლონელი მესაზღვრე გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში ბელარუსის საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსეი პონკრატენკო დაიბარეს. დიპლომატისთვის გადაცემულ ნოტაში პოლონეთი ითხოვს პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე პროვოკაციების და მიგრაციული ნაკადების ორგანიზების შეწყვეტას.
„იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაული მოხდა საზღვრის პოლონურ მონაკვეთში და იმ გამოძიებიდან გამომდინარე, რომელსაც პროკურატურა ატარებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებას და ექსტრადირებას ითხოვს“,- ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადისლავ სიკორსკიმ აღნიშნა, „როდესაც ვინმე დანით არღვევს სახელმწიფო საზღვარს, ურტყამს პოლონეთის მესაზღვრეს, ჯარისკაცს, მაშინ ეს არის არა ლტოლვილი, არამედ ჩვეულებრივი ბანდიტი“.
შეგახსენებთ, დუბიჩ ცერკოვნის სასაზღვრო პუნქტის მახლობლად 28 მაისს 50-მდე არალეგალმა მიგრანტმა პოლონელ მესაზღვრეებს ქვები დაუშინა. მიგრანტების მიერ საზღვრის ძალით გადაკვეთის მცდელობის დროს დანით პოლონელი მესაზღვრე დაჭრეს.