პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნამდვილად არ მესმის, რატომ სურს უნგრეთს, დარჩეს ორგანიზაციის წევრად, რომელიც ასე ძალიან არ მოსწონთ და რომელიც მათ, სავარაუდოდ, ცუდად ექცევა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტეოფილ ბარტოშევსკი უნგრეთის პრემიერის მიერ პოლონეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს და ევროკავშირისა და ნატო-ში უნგრეთის წევრობის აუცილებლობაზე სვამს კითხვებს.
„ნამდვილად არ მესმის, რატომ სურს უნგრეთს, დარჩეს ორგანიზაციის წევრად, რომელიც ასე ძალიან არ მოსწონთ და რომელიც მათ, სავარაუდოდ, ცუდად ექცევა? რატომ არ ქმნის ის ალიანსს პუტინთან და მსგავსი ტიპის ავტორიტარულ სახელმწიფოებთან? ეს ეფუძნება პრინციპს, რომ თუ არ გინდა რომელიმე კლუბის წევრი იყო, ყოველთვის შეგიძლია, ის დატოვო. ეს, რა თქმა უნდა, ამ მომენტში უნგრეთის ანტიევროპული, ანტიუკრაინული, ანტიპოლონური პოლიტიკაა“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ პოლონელებს „ყველაზე თვალთმაქცური პოლიტიკა აქვთ მთელ ევროპაში, რადგან ისინი, სავარაუდოდ, ბიზნესს აწარმოებენ რუსეთთან“.