პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პოლონეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინას ომში გამარჯვებაში დაეხმაროს
პოლონეთის ახალდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მხარეებმა უკრაინასა და პოლონეთს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა და პოლონეთი კარგი მოკავშირეები იყვნენ. გვინდა, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი, გვინდა, ომი დასრულდეს”, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, სიკორსკიმ დასძინა, რომ პოლონეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინას ომში გამარჯვებაში დაეხმაროს.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთი და უკრაინა დაიწყებენ ურთიერთობის ახალ საფეხურს.
„მე ნამდვილად მხარს ვუჭერ ურთიერთობას ჩვენს მთავრობებს შორის, ჩვენი ქვეყნების სამინისტროებს შორის. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ძლიერი მეზობლები ვართ საერთო ისტორიით და დღეს ჩვენ რუსეთის აგრესიას ვაწყდებით. როგორც ხედავთ, ომი არ დასრულებულა და არავინ იცის, რა იქნება ხვალ. ვფიქრობ, ჩვენ ერთად უფრო ძლიერი უნდა ვიყოთ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.