პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ისრაელის ელჩისგან განმარტებებს ითხოვს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ისრაელის ელჩისგან სასწრაფო განმარტებებს ითხოვს ღაზაში საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.
საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ გარდაცვლილ შვიდ თანამშრომელს შორის ერთ-ერთი პოლონეთის მოქალაქეა.
„პირადად ვთხოვე ისრაელის ელჩს სასწრაფო განმარტებები. მან დამარწმუნა, რომ პოლონეთი მალე მიიღებს ამ ტრაგედიის გამოძიების შედეგებს. ვუსამძიმრებ ჩვენი მამაცი მოხალისისა და ღაზის სექტორში ყველა სამოქალაქო მსხვერპლის ოჯახებს“, – წერს რადოსლავ სიკორსკი სოციალურ ქსელში.
სარაკეტო დარტყმის შემდეგ „მსოფლიოს ცენტრალურმა სამზარეულომ“ ღაზაში მუშაობა შეაჩერა. საქველმოქმედო ორგანიზაციის განცხადებით, თავდასხმა ისრაელის თავდაცვის ძალებმა განახორციელეს. დაღუპულებს შორის ასევე არიან ავსტრალიისა და ბრიტანეთის მოქალაქეები. ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ შემთხვევის გარემოებებს სწავლობენ.