პოლონეთის პრეზიდენტმა მედიასაშუალებების მფლობელების შესახებ სადავო კანონს ვეტო დაადო
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ ვეტო დაადო მედიასაშუალებების მფლობელების შესახებ სადავო კანონს. საკანონმდებლო ინიციატივა უკრძალავს კომპანიებს ევროპული ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ კომპანიებს პოლონეთში მედიასაშუალებების ფლობას.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კანონი მიმართული იყო ამერიკული კომპანიის საკუთრებაში არსებული პოლონეთის მთავრობისადმი კრიტიკული ტელეკომპანიის წინააღმდეგ. კანონის ამოქმედების შემთხვევაში, აშშ-ში დაფუძნებულ ჯგუფ Discovery-ს მოუწევდა, გაეყიდა თავისი წილი ტელეკომპანია TVN-24-ში.
საკანონმდებლო ინიციატორების მტკიცებით, დოკუმენტის მიზანი იყო პოლონეთისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოების გავლენის შეზღუდვა. მმართველი პარტია „კანონი და სამართალი“ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ აცხადებდა, რომ უცხოურ კორპორაციებს პოლონურ მედიაზე ზედმეტად დიდი გავლენა აქვთ.
პრეზიდენტ ანჟეი დუდას განცხადებით, ის აფასებს მთავრობის ძალისხმევას, დაიცვას ქვეყანა მტრულად განწყობილი აქტორებისგან, როგორიცაა რუსეთი, თუმცა აღნიშნა, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვან კითხვებს აჩენდა საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, კანონის გამოყენება უკვე არსებულ ბიზნესშეთანხმებებსა და საინვესტიციო ხელშეკრულებებთან მიმართებაში მიუღებელია.
„კანონი და მისი შესწორებები ეხებოდა კომპანიებს, რომლებიც უკვე წარმოდგენილი არიან ბაზარზე. ასევე დგას მედიაპლურალიზმის, სიტყვის თავისუფლების საკითხი. გადაწყვეტილების მიღებისას მე ეს ელემენტი სერიოზულად განვიხილე“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მიმდინარე თვის დასაწყიში აღნიშნული კანონის წინააღმდეგ ვარშავაში პრეზიდენტის სასახლესთან ათასობით ადამიანმა გამართა საპროტესტო აქცია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა კი პოლონეთის მთავრობას მოუწოდა, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე გადადგამენ ნაბიჯს ისეთი კანონის მისაღებად, რომლმაც შესაძლოა, პოლონეთში საკუთრების ხელშეუხებლობისადმი უცხოელი ინვესტორების ნდობა შეარყიოს.
ოპოზიციის ლიდერმა, ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ დუდას გადაწყვეტილება ამტკიცებს, რომ „ზეწოლას აქვს აზრი“.