პოლონეთის პრეზიდენტმა არჩევნების დღეს რეფერენდუმის ჩატარებაზე კანონში ცვლილებას ხელი მოაწერა
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ ხელი მოაწერა ცვლილებას კანონში ეროვნული რეფერენდუმის შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს პლებისციტის ჩატარებას 15 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს.
კანონში შეტანილი ცვლილებით შესაძლებელი ხდება, რომ პოლონეთში საპრეზიდენტო, საპარლამენტო ან ევროპარლამენტის არჩევნების დღეს ეროვნული რეფერენდუმი ჩატარდეს.
რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელი იქნენა 07:00 საათიდან 21:00 საათამდე.
რეფერენდუმზე პირველი შეკითხვა ეხება მნიშვნელოვანი სახელმწიფო აქტივების უცხოურ იურიდიულ პირებზე მიყიდვას, მეორე – საპენსიო ასაკის გაზრდას, მესამე – ევროკავშირის ქვეყნებს შორის მიგრანტების განაწილების მექანიზმს და მეოთხე – პოლონეთსა და ბელარუსს შორის საზღვარზე ღობის დემონტაჟს.
მანამდე პოლონეთის სეიმმა უარყო სენატის პროტესტი, რომელთა უმრავლესობასაც ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ. ისინი ეროვნული რეფერენდუმის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგი იყვნენ.