პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი - უკრაინას დღეს პრობლემები აქვს და პოლონეთისგან მხარდაჭერის მიღებაზე უნდა ზრუნავდეს, თუ ასე არ არის, არ დავაძალოთ
პოლონეთის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ უკრაინა უნდა ზრუნავდეს, რომ პოლონეთი მას მხარს უჭერდეს, ხოლო თუ ასე არაა, დაძალება საჭირო არ არის.
ეს განცხადება პოლონურ მედიასთან ინტერვიუში პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ოფისის წარმომადგენელმა, საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარცინ პშიდაჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელი პოლიტიკოსის ადგილზე, ის მოკავშირეების ძიებაში იქნებოდა და არსებული ალიანსების განმტკიცებას შეეცდებოდა.
„პოლონეთი ბოლო წლებში ინტენსიურად ეხმარება უკრაინას. ცხადია, ეს ნაწილობრივ ჩვენს ინტერესებში არ იყო, მაგრამ ჩვენ მივიღეთ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი. და ამ ყველაფრის შემდეგ, გაერო-ს ფორუმზე, რომელსაც 192 ქვეყანა ესწრება, ვისმენთ ისეთ სიტყვებს, რომელთა მიმართ რთულია, არ იყო ძალიან კრიტიკული“, – განაცხადეს პოლონეთის პრეზიდენტის ოფისში.
პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა უნდა ზრუნავდეს პოლონეთთან მეგობრულ ურთიერთობებზე.
„უკრაინამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენს ინტერესებში ერთიანობის შენარჩუნებაა, რადგან ჩვენი დაყოფისგან მხოლოდ რუსეთი იღებს სარგებელს. თუ უკრაინა არ არის დაინტერესებული პოლონეთთან მეგობრობაში და არ მიისწრაფვის მეგობრობისკენ, ჩვენ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ ნატო-ში ვართ, ძლიერი არმია გვყავს, ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრები, ჩვენ ქმედითი სახელმწიფო გვაქვს. უკრაინას დღეს პრობლემები აქვს და ის უნდა ზრუნავდეს პოლონეთისგან მხარდაჭერის მიღებაზე. თუ ასე არ არის, არ დავაძალოთ“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ „უკრაინის ზოგიერთი ევროპელი მეგობარი მარცვლეულის შესახებ დავის გარშემო პოლიტიკურ წარმოდგენას აწყობს და ამით სცენას ამზადებს მოსკოველი მსახიობისთვის“. აღნიშნული განაცხადების გამო კიევსა და ვარშავას შორის ურთიერთობები დაიძაბა.