პოლონეთის პრეზიდენტი - საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს, ოკუპაცია, სამხედრო ტყვეები, პროვოკაციები დღემდე გრძელდება
პოლონეთის პრეზიდენტი - საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს, ოკუპაცია, სამხედრო ტყვეები, პროვოკაციები დღემდე გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში მარშალ პილსუდსკის მოედანზე, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეის დუდამ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომიდან ევროპაში სათანადო დასკვნა ვერ გამოიტანეს.

„საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს. დღემდე გრძელდება ოკუპაცია, სამხედრო ტყვეები, პროვოკაციები. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ევროპის და მსოფლიოს საზოგადოების წინაშე, რომ სამხედრო აგრესია აღარ განმეორდება. დღეს ჩვენ, კვლავ ვუმკლავდებით იმპერიალისტურ ტენდენციებს ევროპაში, რაც გამოიხატება საზღვრების ძალის გამოყენებით ცვლილების მცდელობაში, ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიაში, მიწის წართმევაში, ადამიანების მძევლად აყვანაში. ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა არ არის მშვიდობის შენარჩუნების გზა. ეს არის გზა, ფაქტობრივად დაეთანხმო და წაახალისო ახალი თავდასხმები“, – განაცხადა ანჟეი დუდამ.

მისივე თქმით, აგრესიას უნდა მოჰყვეს სანქციები და უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელითაც ცხადი გახდება, რომ ნებისმიერი სამხედრო აგრესიას მოჰყვება დამაჯერებელი და ძლიერი პასუხი.

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში ანჟეი დუდას მიწვევით იმყოფება. ღონისძიებას პოლონეთში 40 ქვეყნის დელეგაცია დაესწრო.