პოლონეთის პრეზიდენტი, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო, დიდ შვიდიანში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია
პოლონეთის პრეზიდენტი, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო, დიდ შვიდიანში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დიდი შვიდიანის ფორმატში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია და ამის მიზეზად რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ასახელებს. განცხადება პოლონეთის პირველმა პირმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის დროს გააკეთა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

„თუ დავაკვირდებით, ბოლო წლების განმავლობაში როგორ იქცევა რუსეთი, მაშინ მკაფიოდ შევძლებთ იმის თქმას, რომ ვიღაც ცდილობს საკუთარი იმპერიული ამბიციების გაღვივებას სხვისი საზღვრების შეცვლის ხარჯზე, სამხედრო თავდასხმით. ეს მოხდა 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს უკრაინაში. დღეს უკრაინა საკუთარი ტერიტორიის ნაწილს ვერ აკონტროლებს და ეს სიტუაციაა, რომელიც ევროპაში არასდროს უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.