პოლონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტუსკის მიერ ინიციირებული მიგრაციული სტრატეგია ბელარუს ოპოზიციონერებს ქვეყანაში თავშესაფრის მიღებაში შეუშლის ხელს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მიერ ინიციირებული მიგრაციული სტრატეგია ბელარუს ოპოზიციონერებს ქვეყანაში თავშესაფრის მიღებაში შეუშლის ხელს.
ანჯეი დუდამ მთავრობის მიგრაციული გეგმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრის მიერ პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შეჩერების განცხადება არ მოემსახურება ჩვენი საზღვრების დაცვას და არალეგალური მიგრაციის შეზღუდვას. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს შეუზღუდავს, მაგალითად, ბელარუსული ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის პოლონეთში თავშესაფრის მიღებას“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
დუდას განცხადებას ტუსკმა სისულელე უწოდა.
„როდესაც საუბარია თავშესაფრის მინიჭების საკითხზე ბელარუსი ლტოლვილის მაგალითზე, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც ბელარუსული ოპოზიცია პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის კვეთას არალეგალური გზით შეეცადა ლუკაშენკოს მიერ ორგანიზებული ჯგუფებით. გთხოვთ, არ გეწყინოთ, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ ამაზე უფრო სულელურის თქმა შეუძლებელი იყო“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მისი თქმით, მთავრობის გეგმა არ შეზღუდავს ადამიანის უფლებებს, რადგან საუბარია მხოლოდ საზღვრის არალეგალურად კვეთის შემთხვევაში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადების მიღების შეწყვეტაზე.
„არავინ საუბრობს აქ ადამიანის უფლებების ან თავშესაფრის უფლების შეჩერებაზე. ეს არ არის სიმართლე. ჩვენ ვსაუბრობთ თავშესაფრის მინიჭების შესახებ განაცხადების მიუღებლობაზე იმ პირებისგან, რომლებმაც საზღვარი, ლუკაშენკოს ორგანიზებით, უკანონოდ გადალახეს“, – განაცხადა ტუსკმა.
მიგრაციული გეგმა პოლონეთის მთავრობამ 15 ოქტომბერს დაამტკიცა. მთავრობის განცხადებით, მისი მიზანია ბელარუსთან პოლონეთის საზღვრის დაცვა. ვარშავა და ევროკავშირი აცხადებენ, რომ მინსკი და მოსკოვი საზღვარზე მიგრანტების არალეგალურ გადასვლას ხელს უწყობენ.