პოლონეთის პრემიერი პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ინიციატივით გამოვიდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მატეუშ მორავიეცკის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, მატეუშ მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ ეს მისი პირველი ოფიციალური შეხვედრაა პრემიერ-მინისტრის რანგში.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თქმით, ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად, მეტი უნდა გაკეთდეს, რაშიც, პოლიტიკოსების აქტიურ მუშაობასთან ერთად, განსაკუთრებული როლი ხალხთაშორის ურთიერთობას ენიჭება.
მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელობა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრაზე პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა გააქტიურდეს საპარლამენტო კომიტეტების დონეზე.
ირაკლი კობახიძემ ბოლო პერიოდში, საქართველოს მიერ საგარეო მიმართულებით მიღწეული წარმატების შესახებ ისაუბრა და ყურადღება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმებაზე გაამახვილა.
თავის მხრივ, მატეუშ მორავიეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა და ბიზნეს-ფორუმების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ წარმატებებს.
მატეუშ მორავიეცკის თქმით, პოლონეთი რჩება საქართველოს დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერად. მისივე თქმით, პოლონეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი ინიციატორი, აქტიურად გააგრძელებს ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.