პოლონეთის პრემიერი - პოლონეთი საჭიროდ თვლის, დაუყოვნებლივ შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი
პოლონეთი საჭიროდ თვლის, დაუყოვნებლივ შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი და აპირებს, ამ ნაბიჯის გადადგმისკენ გერმანიის მომავალ კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გერმანულ „ბილდთან“ საუბარში განაცხადა.
„ჩვენ ახლა პოლონეთში ევროკავშირის საზღვრებს ვიცავთ. თუ უფრო ფართო პერსპექტივაზეა საუბარი, მაშინ ერთად ვიმუშაოთ მშვიდობისთვის და არ მივცეთ ვლადიმირ პუტინს დამატებითი თანხები, რომლითაც მას შეუძლია გააგრძელოს შეიარაღება“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.
მანამდე, 16 ნოემბერს, ქსელების თაობაზე ფედერალურმა სააგენტომ (BNetzA) ქალაქ ბონში განაცხადა, რომ შეაჩერა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცედურა. პროცესი კი განახლდება მას შემდეგ, რაც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორი, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ცუგში მდებარეობს, გადასცემს ძირითად აქტივებსა და ადამიანურ რესურსებს გერმანიის შვილობილ კომპანიას და მარეგულირებელი შეძლებს შეამოწმოს ხელახლა წარმოდგენილი დოკუმენტები.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის სიგრძე 1 200 კილომეტრამდეა. მისი მშენებლობა სექტემბერში დასრულდა და ახლა იგი ბუნებრივი აირის ტექნიკური ამოტუმბვისთვის გამოიყენება. პროექტი ორი მილისგან შედგება და მათი საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია.