პოლონეთის პრემიერი - ალექსანდრ ლუკაშენკომ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი ისე წარმოაჩინა, თითქოს გერმანია დათანხმდა ორი ათასი მიგრანტისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება
პოლონეთის პრემიერმა გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი ანგელა მერკელი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართული სატელეფონო საუბრის გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიისთვის მიერ მიცემულ ინტერვიუში მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მიესალმება ევროკავშირის ძალისხმევას პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებული მიგრაციული კრიზისის დიპლომატიური გზებით მოგვარების თაობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ანგელა მერკელის მიერ ბელარუსის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბარი ლუკაშენკოს რეჟიმის ლეგიტიმიზაციას შეუწყობს ხელს, მაშინ როდესაც ბელარუსში თავისუფლებისთვის ბრძოლა უკვე 15 თვეა, მიმდინარეობს.
მორავეცკის განცხადებით, ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი ალექსანდრ ლუკაშენკომ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა. მისი თქმით, ბელარუსის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელთან საუბარი ისე წარმოაჩინა, თითქოს გერმანია დათანხმდა ორი ათასი მიგრანტისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
ალექსანდრ ლუკაშენკომ ანგელა მერკელთან ორი სატელეფონო საუბარი გასულ კვირას გამართა, რომელზედაც გერმანიის მოქმედ კანცლერს ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებები შესთავაზა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მყოფი ორი ათასი მიგრანტის მიღების თაობაზე.