პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ პრემიერ-მინისტრის ბეატა შიდლოს გადადგომის განცხადება დააკმაყოფილა და მის შემცვლელად ფინანსთა მინისტრი მატეუშ მორავეცკი დანიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტის კანცელარიის განცხადებაშია ნათქვამი. მორავეცკიმ ახალი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს, მის ფორმირებამდე კი, მოვალეობებს ბეატა შიდლოს მინისტრთა კაბინეტი შეასრულებს.
პოლონეთის კონსტიტუციის თანახმად, ახლა პრემიერს მთავრობის შემადგენლობის წარდგენისთვის 14-დღიანი ვადა აქვს. პოლონური მედიის ინფორმაციით, ბეატა შიდლო ახალ მთავრობაში ერთ-ერთ სამინისტროს უხელმძღვანელებს.
ბეატა შიდლო პოლონეთის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მიერ ფორმირებულ მთავრობას 2015 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა. უმსხვილეს ოპოზიციურ პარტია „სამოქალაქო პლატფორმაში“ ფიქრობენ, რომ ბეატაშიდლოს პრემიერის თანამდებობა ნებაყოფლობით არ დაუტოვებია და მიიჩნევენ, რომ გადადგომის გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის მოთხოვნით მიიღო.