პოლონეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს სიცრუეში ადანაშაულებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი რუსეთის პრეზიდენტს სიცრუეში ადანაშაულებს. პრემიერი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინმა „არაერთხელ მოიტყუა პოლონეთთან დაკავშირებით და რუსეთის პრეზიდენტი ამას შეგნებულად აკეთებს“.
პრემიერის შესაბამისი განცხადება პოლონეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მორავეცკის თქმით, რუსული მხარე ტყუილის გავრცელებას როგორც წესი მაშინ იწყებს, როდესაც ისინი საერთაშორისო ზეწოლას განიცდიან.
მორავეცკის ეს განცხადება ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლონეთი ჩეხოსლოვაკიის გახლეჩაში მონაწილეობდა, საბჭოთა ჯარები კი პოლონეთში მას შემდეგ შევიდა, რაც პოლონეთის მთავრობამ საკუთარ ჯარზე კონტროლი დაკარგა.
მორავეცკი აცხადებს, რომ პოლონეთმა პირველმა გამოსცადა ნაცისტური გერმანიის აგრესია, რომ პოლონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელიც თავისუფალი ევროპისთვის იბრძოდა.
პოლონეთის პრემიერის თქმით, სწორედ სტალინის დახმარებით შეძლო ჰიტლერმა არაერთი ქვეყნის დაპყრობა.