პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - რუსეთის ნეოიმპერიული პოლიტიკა პროგრესირებს და ლუკაშენკო მოსკოვს რუსეთის იმპერიის აღდგენის მცდელობაში ეხმარება
რუსეთის ნეოიმპერიული პოლიტიკა პროგრესირებს და ლუკაშენკო მოსკოვს რუსეთის იმპერიის აღდგენის მცდელობაში ეხმარება, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუს მორავეცკიმ სეიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი კრიზისის უკან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დგას.
„აუცილებელია ხაზგასმით ითქვას, რომ ჩვენი აღმოსავლეთ საზღვრების უსაფრთხოება უხეშად ირღვევა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს პირველი ასეთი შემთხვევაა, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საზღვრების მთლიანობა გამოცდის წინაშე დგას“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
პოლონეთის პრემიერი რუსეთისა და ბელარუსის ლიდერებს ევროკავშირის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან დაახლოებით 2 000 მიგრანტია თავმოყრილი, რომელიც პოლონეთში შესვლას ცდილობს. სიტუაციის გასაკონტროლებლად, პოლონეთმა საზღვრის დაცვა გააძლიერა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზღვართან 12 000 ჯარისკაცია მობილიზებული.