პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - ორი თვითგამოცხადებული „რესპუბლიკის“ აღიარება დიალოგის უარყოფას და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას ნიშნავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი რუსეთის მიერ უკრიანის რეგიონების რესპუბლიკებად აღიარებას აგრესიის აქტად აფასებს და სანქციების დასაწესებლად ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ორი თვითგამოცხადებული „რესპუბლიკის“ აღიარება დიალოგის უარყოფას და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას ნიშნავს. ეს არის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის აქტი, რომელსაც პასუხად უნდა მოჰყვეს ცალსახა პასუხი და დაუყოვნებლივი სანქციები. ეს ერთადერი ენაა, რომელიც პუტინს ესმის. მოვუწოდებ ევროკავშირის საბჭოს საგანგებო შეხვედრის გამართვისკენ ამ საკითხის განსახილველად“, – წერს მორავეცკი.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.