პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს
პოლონეთი უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ უჭერს მხარს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინსიტრი მატეუშ მორავიეცკი გიორგი გახარიასადმი წერილში აღნიშნავს, სადაც მთავრობის მეთაურს თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც მორავიეცკი აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით, გააკეთებს ყველაფერს საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციების კიდევ უფრო განსამტკიცებლად.
„გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლად დანიშვნა.
ახალი 2021 წლის დაწყება მთავრობისგან გადამჭრელ ნაბიჯებს და თამამი გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს – ერთის მხრივ, კორონავირუსის პანდემიის ფონზე მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად, ეკონომიკის ეფექტურობის აღსადგენად, ხოლო მეორეს მხრივ, საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ახალ ამოცანებთან და გამოწვევებთან გამკლავებას.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა თქვენი მეთაურობით, გააკეთებს ყველაფერს ამ მიზნების მისაღწევად და საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციების კიდევ უფრო განსამტკიცებლად, რაც ასოცირების შეთანხმების ამბიციური დღის წესრიგის თანმიმდევრული განხორციელებით და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებით უნდა მოხდეს.
მინდა, დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ უჭერს მხარს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
გისურვებთ უამრავ წარმატებას, საქართველოს გაძლიერებისთვის ბრძოლაში, სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გატარების მიმართულებით და ასევე, მინდა გისურვოთ კეთილდღეობა თქვენ და საქართველოს ყველა მოქალაქეს“, – აღნიშნავს მატეუშ მორავიეცკი.