პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი ორის“ ამოქმედების შემთხვევაში, რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ შეტევა დაიწყოს
გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი ორის“ ამოქმედების შემთხვევაში, რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ შეტევა დაიწყოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მატეუშ მორავეცკის თქმით, კიევთან მიმართებაში „აგრესიის ესკალაცია“ შესაძლოა მას შემდეგ მოხდეს, რაც უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემა მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი აღარ იქნება.
„მე ვიცი გერმანიის მთავრობის პოზიცია, რომ ეს ბიზნესპროექტია, თუმცა მდინარე ოდერის აღმოსავლეთით ამის არავის სჯერა”, – აღნიშნა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.
მორავეცკიმ ასევე განაცხადა, რომ ევროპაში გაყიდული გაზისგან მიღებული შემოსავლით რუსეთი არმიის მოდერნიზებას ახდენს.
გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი ორი“ რუსეთიდან გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებს. პროექტის წლიური გამტარობა 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნება. გაზსადენს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და აშშ ეწინააღმდეგებიან.