პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის საიმიგრაციო გეგმასთან დაკავშირებით ქვეყანაში რეფერენდუმი იგეგმება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის საიმიგრაციო გეგმასთან დაკავშირებით ქვეყანაში რეფერენდუმი იგეგმება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ ევროკავშირის საიმიგრაციო გეგმასთან დაკავშირებით ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მორავიეცკი აცხადებს, რომ რეფერენდუმის გამართვა საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, 15 ოქტომბერს იგეგმება.

როგორც პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რეფერენდუმზე მოქალაქეებს ჰკითხავენ, უჭერენ თუ არა მხარს  „ათასობით არალეგალი მიგრანტის ჩამოსვლას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან“ ევროკავშირის გადანაწილების პროგრამის ფარგლებში.

პოლონეთის მმართველი „კანონისა და სამართლის პარტია“ ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკული ქვეყნებიდან იმიგრაციისადმი მკაცრი მიდგომით გამოირჩევა.

„ჩვენთვის რიგითი პოლონელების ხმა ყოველთვის გადამწყვეტია“, – აღნიშნულია პოლონეთის პრემიერის ვიდეოში, რომელიც შეიცავს ქუჩებში არეულობისა და ცეცხლმოკიდებული მანქანების, ასევე ოპოზიციის ლიდერის, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის კადრებს.

ამას გარდა, პოლონეთის მმართველი პარტია გეგმავს, რეფერენდუმზე გაიტანოს კიდევ ორი საკითხი – სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციისა და საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ.