პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი უთხრეს
პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშიევსკა აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი უთხრეს.
როგორც მალგოჟატა გოშიევსკამ „ვივამედის“ კლინიკასთან განაცხადა, მეორე მსოფლიო ომის მერე, ეს არის პირველი შემთხვევა ევროპის ტერიტორიაზე, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია.
„მორიგ ჯერზე მითხრეს უარი პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით. ევროპული დემოკრატიის პრინციპებში ის არ არის, რომ დაისაჯოს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და მე მგონი მეორე მსოფლიო ომის მერე, ეს არის პირველი შემთხვევა ევროპის ტერიტორიაზე, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია ქართული სასამართლოს მეირ. არა მარტო პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ ირღვევა ეს ნორმები, არამედ, მომდევნო პრეზიდენტიც სრულიად საფუძველს მოკლებული მიზეზების გამო, ჩამოართვეს მას დაცვა და ჩამოართვეს ის შეღავათები, რომლებიც მას კანონით ეკუთვნოდა“, – განაცხადა პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
ამასთან, მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოს ევროინტერგაციის გზაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიები მკაფიოდ გამოხატავენ მზაობას და მოწოდებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიუხედავად ქვეყანაში არსებული შიდა დაძაბულობისა.
„მე გუშინ შევხვდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და დამიდასტურეს თავიანთი მკაფიო პოზიცია.მე სრულიად მხარს ვუჭერ ასეთ მიდგომას და ვაცხადებ, რომ არ შეიძლება ქვეყნისა და ხალხის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო. ამიტომ, სრულიად ვუჭერ მხარს ევროპარლამენტის განცხადებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე“, – განაცხადა პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.