პოლონეთის ოპოზიციური პარტიები კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ და პრეზიდენტს მოუწოდებენ, დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
პოლონეთის ოპოზიციური პარტიები კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ და პრეზიდენტ ანჯეი დუდას მოუწოდებენ, დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. თუმცა, მოწოდებების მიუხედავად, პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
პრეზიდენტი არჩევნებში მანდატმოპოვებული პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას დღეს და ხვალ მართავს.
დღეს ის მმართველ „კანონისა და სამართლიანობის პარტიას“ და ოპოზიციურ „სამოქალაქო პლატფორმის“ წარმომადგენლებს ხვდება. ამ უკანასკნელის პრემიერობის კანდიდატად დონალდ ტუსკი სახელდება. ხვალ კი დუდა „მესამე გზასა“ და „ახალ მემარცხენეებს“ შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ, საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასვლის მიუხედავად, მმართველ „კანონისა და სამართლიანობის პარტიას“ უმრავლესობის ფორმირებისთვის მანდატები არ ეყო და ნაკლებ სავარაუდოა, რომ პარტია არჩევნებში გამარჯვებულ რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან კოალიციის ფორმირებას შეძლებს.