პოლონეთის მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ადგილობრივ მედიას მეტი გავლენა უნდა ჰქონდეს და ქვეყანაში უცხოური მედიის კონცენტრაციაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს
პოლონეთში შესაძლოა, უცხოურ მედიაზე შეზღუდვები დაწესდეს. ამის შესახებ პოლონეთის მმართველი პარტიის, „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა.
კაჩინსკის თქმით, შეზღუდვები 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა დაწესდეს.
„ამას ჩვენი ვადის დასრულებამდე ბევრად სწრაფად ვიზამთ, ყოველ შემთხვევაში საკანონმდებლო დონეზე, თუმცა ამ პროცესის წარმატება ბევრ სხვა ცვლილებაზე არის დამოკიდებული, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებშიც უნდა შევიტანოთ“, – განაცხადა კაჩინსკიმ რადიოინტერვიუს დროს.
„როიტერის“ ინფორმაციით, პოლონეთის მმართველი პარტია აცხადებს, რომ უცხოური მედია პოლონეთის საქმიანობაში ერევა და ქვეყანაში ადგილობრივ მედიას მეტი გავლენა უნდა ჰქონდეს. ამ შეხედულებას ეთანხმება პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაც.
მმართველი პარტია აცხადებს, რომ ნებისმიერი ახალი კანონი თანხვედრაში იქნება ევროკავშირის მოქმედ კანონმდებლობასთან.