პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ
პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ. ისინი დღეს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
ამის შესახებ უკრაინული და პოლონური მედია პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
ანჯეი დუდას, გიტანას ნაუსედას, ეგილს ლევიტსისა და ალარ კარისის უკრაინაში ვიზიტის ორგანიზატორი პოლონეთის ხელისუფლებაა.
უკრაინაში ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.
„ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის დამცველებს ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში. მივემართებით კიევისკენ პოლიტიკური მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების ძლიერი გზავნილით. ლიეტუვა გააგრძელებს სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას“, – წერს გიტანას ნაუსედა.