პოლონეთის ხელისუფლება ჯარის მოდერნიზებაზე 2026 წლამდე დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
პოლონეთის ხელისუფლება თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაზე დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი გეგმა პოლონეთის მთავრობამ გამოაქვეყნა, რომელშიც თავდაცვისთვის გათვალისწინებულია რეკორდული რაოდენობის თანხა.
„ეს უდავოდ დიდი გამოწვევა და პოლონეთის არმიის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების შანსია“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა, რომელმაც შეიარაღებული ძალების მოდერნიზების გეგმას ხელი მოაწერა.
„ჩვენ მტკიცედ და ეფექტიანად შევცვლით პოლონეთის არმიის სახეს, აღვჭურვავთ მას თანამედროვე ტექნიკით. პირადი შემადგენლობის გაზრდა ასევე არის მიზანი, რომელიც დავისახეთ“, – განაცხადა მინისტრმა.
პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, გეგმაში გათვალისწინებულია აქტუალური პრობლემები, მათ შორის – ქვეყნის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, რაც ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ნიშნავს.
მთავრობის მიერ გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 32 ახალი თვითმფრინავის შეძენა.
შეიარაღებული ძალებისთვის 48,9 მილიარდი დოლარი 2026 წლამდე დაიხარჯება, თუმცა როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, არმიის საჭიროებები გაცილებით მეტია.
თებერვლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთი აშშ-სგან 414 მილიონი დოლარის ღირებულების სარაკეტო-საარტილერიო სისტემებს შეიძენს.