პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი ლუკაშ შუმოვსკი კორუფციაში ბრალდების ფონზე გადადგა.
ლუკაშ შუმოვსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მუშაობას პარლამენტში გააგრძელებს. თუმცა, მანამდე „შვებულებაში აპირებს გასვლას, რათა ფსიქოლოგიურად განიტვირთოს“.
შუმოვსკი ჯანდაცვის მინისტრის პოსტს კორონავირუსის პანდემიის დასაწყის ეტაპზე იკავებდა, როდესაც ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა შედარებით მცირე იყო. ივლისის თვეში გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, შუმოვსკი პრეზიდენტ ანჯეი დუდას და პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის შემდეგ, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
აგვისტოს დასაწყისიდან პოლონეთში კორონავიურსის შემთხვევების რიცხვი მატულობს, თუმცა მთავრობას შეზღუდვები არ გაუმკაცრებია.
ამასთან ერთად, შუმოვსკის კორუფციაში და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. კერძოდ, ბრალდების მიხედვით, პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მილიონი ევროს ღირებულების პირბადეები მინისტრის ძმის მეგობარი ბიზნესმენის კომპანიისგან შეისყიდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ პირბადეები უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.