პოლონეთის იუსტიციის მინისტრი - პოლონეთი ევროკავშირის წევრად ნებისმიერ ფასად არ უნდა დარჩეს
პოლონეთი არ უნდა დაემორჩილოს ევროკავშირის მოთხოვნებს, უარი თქვას სასამართლო რეფორმებზე და ბლოკის წევრად ნებისმიერ ფასად არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა, ზბიგნევ ზიობრომ განაცხადა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა ყოველდღურ გაზეთთან, „რჟეჩპოსპოლიტასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ევროკავშირის უკანონო შანტაჟის მტკიცე მოწინააღმდეგეა.
„რწმენა, რომ ევროკავშირი კარგი ბიძაა, გვაძლევს ფულს და რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მისი ყველა მოთხოვნა ნებისმიერ ფასად, არის პროპაგანდა და ტყუილი“, – თქვა პოლონელმა მინისტრმა.
ზბიგნევ ზიობრომ დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრით პოლონეთი უნდა იყოს ევროკავშირში, მისი წევრობა არ უნდა გაგრძელდეს ყველა შედეგის მიუხედავად. ზიობრომ ასევე გააკრიტიკა ევროკავშირი, „ლგბტ იდეოლოგიის“ პოპულარიზაციასა და ლტოლვილების ბლოკში შესვლის ნებართვისთვის. პოლონელი მინისტრის თქმით, ორი ერი, პოლონეთი და უნგრეთი, წინ აღუდგნენ ევროკავშირის ძალისხმევას, საერთო ფედერალური სახელმწიფოს შექმნისა და „კულტურული განსხვავებების წაშლის“ გზაზე.
ზიობრო კონსერვატიულ „გაერთიანებული პოლონეთის“ პარტიას ხელმძღვანელობს, რომელიც პოლონეთის მმართველი კოალიციის უმცროსი პარტნიორია. ბლოკის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ, მოუწოდა პოლონეთს დაითხოვოს მოსამართლეთა დისციპლინური პალატა, რომელიც, მისი თქმით, არ იძლევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და არღვევს ევროკავშირის კანონს. დისციპლინურ პალატას აქვს უფლებამოსილება, მოხსნას მოსამართლეთა იმუნიტეტი და თუნდაც გამოიწვიოს მათი გათავისუფლება. ოპოზიციური პარტიები, უფლებადამცველი ჯგუფები და ევროკავშირი ამბობენ, რომ იუსტიციის მინისტრის მოსამართლეებზე მეტი კონტროლის მინიჭება ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას.