პოლონეთი უკრაინისთვის კიდევ ათი ერთეული „მიგ-29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის გადაცემას გეგმავს
პოლონეთი უკრაინისთვის კიდევ ათი ერთეული „მიგ-29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის გადაცემას გეგმავს.
ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ვარშავაში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საერთო ჯამში, უკრაინა პოლონეთისგან 14 ავიაგამანადგურებელს მიიღებს. ანჯეი დუდას განმარტებით, გასული თვეების განმავლობაში უკრაინულ ძალებს ოთხი ავიაგამანადგურებელი უკვე გადასცეს, კიდევ ოთხ ავიაგამანადგურებელს უახლოეს მომავალში გადასცემენ და ასევე მზად არიან, სამომავლოდ კიდევ ექვსი გამანადგურებელი გაგზავნონ.
პოლონეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, მათ ჯერ კიდევ აქვთ საბჭოთა ავიაგამანადგურებლები, რომლებიც მოდერნიზებული და ადაპტირებულია ნატო-ს სტანდარტებთან.
„მომავალში თუ ამის საჭიროება იქნება, მიმაჩნია, რომ ჩვენ შევძლებთ დანარჩენი „მიგ-29“-ების გადაცემას უკრაინისთვის. მათი გადაცემის კუთხით საჭირო იქნება მოკავშირეების, პირველ რიგში, შეერთებული შტატების თანხმობა“, – განაცხადა დუდამ.
მანამდე ვარშავამ დაადასტურა, რომ უკრაინას გარკვეული რაოდენობის გამანადგურებელი თვითმფრინავი გადასცა, მაგრამ ზუსტი რიცხვი არ დაუსახელებიათ.