პოლონეთი უკრაინაში რუსული რაკეტების ჩამოგდების საკითხს განიხილავს
პოლონეთი უკრაინაში რუსული რაკეტების ჩამოგდების საკითხს განიხილავს

პოლონეთი უკრაინაში რუსული რაკეტების ჩამოგდების საკითხს განიხილავს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა კიევისგან მოდის და ის პოლონეთის ტერიტორიისკენ მოძრავი, თუმცა ჯერ კიდევ უკრაინის საჰაერო სივრცეში არსებული რუსული რაკეტების ჩამოგდებას ითვალისწინებს.

ინიციატივა შესულია ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებაში, რომელსაც ორმა ქვეყანამ გასულ კვირას, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთში ვიზიტისას მოაწერა ხელი.

„ამ ეტაპზე ეს მხოლოდ იდეაა. ჩვენს შეთანხმებაში საუბარია, რომ ჩვენ შევისწავლით ამ იდეას. ჩვენ ფრონტის ხაზთან მდებარე სახელმწიფო ვართ და რუსული რაკეტები არღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს. ვვარაუდობთ, რომ შემთხვევით. ჩვენი დილემა მდგომარეობს შემდეგში, თუ ჩვენ ჩამოვაგდებთ მათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვლენ, ნასხლეტები საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ობიექტებისთვის. უკრაინელები კი ამბობენ, რომ ისინი წინააღმდეგი არ არიან, ეს მათ საჰაერო სივრცეში გავაკეთოთ, როდესაც გარდაუვალი საშიშროება არსებობს, რომ ისინი პოლონეთის ტერიტორიას გადაკვეთენ. ჩემი აზრით, ეს თავდაცვაა, თუმცა ჩვენ ამ იდეის შესწავლის ეტაპზე ვართ“, – აღნიშნა სიკორსკიმ.