პოლონეთი ქალაქ ელბლაგისა და ბალტიის ზღვის დამაკავშირებელ არხს ააშენებს
პოლონეთი ქალაქ ელბლაგისა და ბალტიის ზღვის დამაკავშირებელ არხს ააშენებს. ამის შესახებ პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
კაჩინსკის თქმით, პროექტის მშენებლობა უახლოეს თვეებში დაიწყება და რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ვარშავა გეგმებზე უარს არ იტყვის.
„ეს ინვესტიცია იმის დემონსტრირებაა, რომ წავიდა დრო, როდესაც რუსები გვკარნახობდნენ, ჩვენს ტერიტორიაზე რა შეგვიძლია და რა არა. ეს მნიშვნელოვანია პოლონეთის სტატუსისთვის“, – აღნიშნა იაროსლავ კაჩინსკიმ.
არხის მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულდეს და მისი ღირებულება 220 მილიონი დოლარია. ახალი არხის სიგრძე 1.3 კილომეტრი იქნება და ვისლინკის და გდანსკის ყურეებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ამჟამად, ქალაქ ელბლაგში მიმავალი გემები რუსეთის ტერიტორიულ წყლებს გადიან.