პოლონეთი ჰოლოკოსტის შესახებ კანონით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შეამსუბუქებს
პოლონეთი ჰოლოკოსტის შესახებ კანონით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გააუქმებს და მხოლოდ ადმინისტრაციულს დატოვებს.
კანონის მიღებიდან ხუთი თვის შემდეგ კანონის შემსუბუქების ინიციატივით პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი გამოვიდა.
მიმდინარე წლის დასაწყისში მიღებული კანონი, ჰოლოკოსტთან პოლონეთის კავშირის შესახებ საჯარო განცხადებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ასეთ დანაშაულში ბრალდებულს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მუხლით სისხლის სამართლის პასუხისმგბლობა უნდა გაუქმდეს.
ჰოლოკოსტის შესახებ პრემიერის მიერ ინიცირებული შესწორება მალევე დაამტკიცა პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ და ახლა ის სენატს გადაეცა.
„კანონი მიღებულია პოლონეთის კეთილი სახელის დასაცავად, ის კვლავ იმოქმედებს, თუმცა ახლა ის ითვალისწინებს სამოქალაქო და არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის უფროსმა, მიხალ დვორჟიკმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ ჰოლოკოსტის შესახებ კანონს თებერვალში მოაწერა ხელი, რასაც ისრაელის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ჰოლოკოსტის შესახებ პოლონური კანონი მკაცრად დაგმო ისრაელის პრეზიდენტმა, რომელის განცხადებით, მართალია მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრი პოლონელი იბრძოდა ნაცისტების წინააღმდეგ, შეუძლებელია ჰოლოკოსტის დროს ებრაელების განადგურებაში პოლონეთის წვლილის უარყოფა.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური ხსოვნის შესახებ” კანონი საჯელს უკრაინელი ნაციონალისტების დანაშაულის უარყოფისთვისაც ითვალისწინებს.