პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. პოლონეთის მთავრობამ შესაბამისი მოთხოვნით პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიმართა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სასაზღვრო ზონაში 30 დღე გაგრძელდება.
„30 დღის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი საზღვრის დაცულობას, აღვკვეთთ აგრესიულ ქმედებებს და პროვოკაციებს, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმი აძლიერებს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ანალოგიური რეჟიმი მანამდე აამოქმედა ლიეტუვამ და ლატვიამ.
შეგახსნებთ, რომ გასულ კვირას გავრცელდა ცნობები, რომ ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე მიგრანტებმა ბანაკი მოაწყვეს. პოლონელი მესაზღვრეები მათ ქვეყანაში არ უშვებენ, ხოლო ბელარუსები დაბრუნების უფლებას არ აძლევენ.
23 აგვისტოს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს „მიგრანტებით შანტაჟში დასდეს ბრალი“.