პოლონეთი აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენო არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს
პოლონეთი უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთში სეპარატისტული ხელისუფლების მიერ 22 მარტს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენო არჩევნებს. ამის შესახებ ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ჩვენ არ ვაღიარებთ მათ შედეგებს. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ყველა ქმედებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცენტრალური მთავრობის ნებართვის გარეშე ხორციელდება. ჩვენ ურყევად ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომლებიც დაირღვა 2008 წლს აგვისტოს რუსეთის სამხედრო აგრესიის გზით“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის სამშვიდობო შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, მათ შორის სამხედრო ძალების გაყვანა და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებისთვის დაუბრკოლებელი წვდომის უზრუნველყოფა. ასევე მოვუწოდებთ, გააუქმოს საქართველოს ტერიტირიის კანონიერი ნაწილის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.