პოლონელმა მესაზღვრეებმა, „ევროპოლთან“ თანამშრომლობით, ბელარუსში მიგრანტების საზღვარზე არალეგალურად გადაყვანის 11 ორგანიზატორი დააკავეს
პოლონელმა მესაზღვრეებმა, „ევროპოლთან“ თანამშრომლობით, ბელარუსში მიგრანტების საზღვარზე არალეგალურად გადაყვანის 11 ორგანიზატორი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან პოლონეთის, უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები. მათ ბრალი წაუყენეს პოლონეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებაში. კერძოდ, ისინი ეჭვმიტანილი არიან რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიიდან მიგრანტების დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უკანონოდ გადაყვანაში. დაკავებულებიდან ექვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
პოლონური მხარის ცნობით, ოპერაციაში 120 პოლონელი მესაზღვრე და „ევროპოლის“ თანამშრომელი მონაწილეობდა. ოპერაციის ფარგლებში გაჩხრიკეს 11 მისამართზე მდებარე დაწესებულება და ათზე მეტი სატრანსპორტო საშუალება. ამოღებულია საკომუნიკაციო საშუალებები, კომპიუტერები, დოკუმენტები და 80 ათასი ზლოტი.