პოლონელი მინისტრები სადავო პრემიებს საქველმოქმედი ფონდში გადარიცხავენ
პოლონელი მინისტრები სადავო პრემიებს საქველმოქმედი ფონდში გადარიცხავენ. შესაბამის შეთანხმებას პოლონეთის მმართველი პარტიის წევრებმა უკვე მიაღწიეს, ინიციატივის ავტორი „კანონის და სამართლის პარტიის“ ლიდერი და პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკის ძმაა.
იაროსლავ კაჩინსკი ასევე ითხოვს, რომ დეპუტატებმა მიიღონ კანონი, როლის მიხედვითაც მათი ხელფასი 20 პროცენტით უნდა შემცირდეს.
„მინისტრებმა გადაწყვეტილება თავად მიიღეს და პროტესტი არავის გამოუთქვამს“ – განაცხადა კაჩინსკიმ
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მხოლოდ 2017 წელს პოლონელმა მინისტრებმა სახელფასო დანამატებისა და პრემიების სახით 1,5 მილიონი პოლონური ზლოტი მიიღეს, რაც 357 ათას ევროს შეადგენს.
პარტია „სამოქალაქო პლატფორმამ“ წამოიწყო საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით, „დააბრუნეთ ფული“.
კამპანიის ფარგლებში ოპოზიციამ სხვადასხვა ქალაქებში დაამონტაჟეს ბილბორდები, რომლებზეც კონკრეტული მინისტრების ფოტოებია გამოსახული და მათ მიერ მიღებული პრემიის რაოდენობა არის მოცემული.
თავდაპირველად მმართველმა გუნდმა გაცემული პრემიების გამართლება სცადა. პარლამენტში გამოსვლისას ყოფილმა პრემიერი მინისტრმა ბეატა შიდლომ თქვა, რომ „სახელფასო დანამატები მინისტრებმა „მძიმე და კეთისინდისიერი შრომის სანაცვლოდ მიიღეს“.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციის კამპანიამ შედეგ გამოიღო და მმართველი გუნდის რეიტინგი საგრძნობლად შემცირდა.
საპასუხოდ „კანონისა და სამართლის“ პარტიის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ მინისტრებს შარშან მიღებულ სადავო ბონუსებს კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვას დაავალდებულებენ, ასევე 20%-ით შემცირდება დეპუტატების ანაზღაურება, ხელფასის ოდენობაზე ლიმიტები დაუწესდებათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ახალი დანამატების გაცემას აკრძალავენ.
საკანონმდებლო პაკეტს პოლონელი დეპუტატები საგანგებო სხდომაზე უყრიან კენჭს.