პოლონელი ფერმერების საპასუხოდ, უკრაინელმა მძღოლებმა ორი ქვეყნის საზღვარზე კონტრაქცია დაიწყეს
პოლონელი ფერმერების საპასუხოდ, უკრაინელმა მძღოლებმა ორი ქვეყნის საზღვარზე კონტრაქცია დაიწყეს.
როგორც უკრაინული მედია წერს, სატვირთო ავტომობილების უკრაინელი მძღოლები ოთხ სასაზღვრო გადასასვლელ პუნქტთან არიან შეკრებილი. მათ სატვირთოებზე აქვთ გამოკრული პლაკატები წარწერებით: „მოხსენით ბლოკადა – დააბრუნეთ უკრაინელი მძღოლები სახლში“, „შეაჩერეთ ბლოკადა საზღვრებზე“, „უკრაინის ბლოკადა – ევროპული ღირებულებების ღალატია“ და ა.შ.
„ჩვენი აქციის მიზანია, გავაჩეროთ პოლონური ავტომობილები, რომლებიც აქ რიგის გარეშე შემოდიან, რომ ისინიც იდგნენ ისე, როგორც ჩვენები დგანან პოლონეთის მხარეს“, – აცხადებს უკრაინის სატრანსპორტო კავშირის თავმჯდომარე ოლეგ დუბიკი.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, პოლონეთის საზღვრებთან აქცია 15 მარტამდე გაგრძელდება, ან ვიდრე პოლონელი მომიტინგეები საზღვრის ბლოკადას არ მოხსნიან.
ცნობისთვის, დღეს დილიდან პოლონელი ფერმერები, ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტის შეჩერების მოთხოვნით, უკრაინის საზღვარს ბლოკავენ.