პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ დონალდ ტუსკის მთავრობა არადემოკრატიულ მეთოდებს მიმართვას, რათა სრული ძალაუფლება მიიღოს
პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ დონალდ ტუსკის მთავრობა არადემოკრატიულ მეთოდებს მიმართვას, რათა სრული ძალაუფლება მიიღოს.
ამის შესახებ განცხადებას ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.
„მმართველი კოალიცია არადემოკრატიულ მეთოდებს იყენებს სრული ძალაუფლების მოსაპოვებლად. ეს არ წარმოადგენს სიურპრიზს, მიუხედავად იმისა, რომ პოლონელმა ერმა მათ არ გადასცა სრული ძალაუფლება, რადგანაც მათ არ აქვთ უმრავლესობა არც კონსტიტუციის შესაცვლელად და არც პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად“ – წერს ფოტიგა.
მისივე თქმით, პოლონეთის კონსტიტუცია ავალდებულებს მთავრობას, ითანამშრომლოს პრეზიდენტთან. მისივე თქმით, სმოლენსკის ტრაგედიამდე, ტუსკი და მისი მოკავშირეები ამაზრზენ მეთოდებს იყენებდნენ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის წინააღმდეგ.
„ახლა პრეზიდენტის გვერდის ასავლელად ისინი არღვევენ კონსტიტუციას, ამტკიცებენ რეზოლუციებს და არა კანონებს, ახდენენ პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილების ანულირებას, რათა დააპატიმრონ კორუფციასთან ბრძოლის სიმბოლოები და დააშინონ ყველა, ვინც გაბედავს და შეეწინააღმდეგება ტუსკის ე.წ. დემოკრატების ბოროტმოქმედებას. ისინი იყენებენ „ტიტუშკებს“ დეპუტატებზე თავდასხმისთვის და საიდუმლო სამსახურების მეთოდებს პოსტკომუნისტური სისტემის აღსადგენად, რომელიც წარსულში მათ ბანაკს და ასევე ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქსაც აძლევდა სარგებელს“, – წერს ევროდეპუტატი.
ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აპირებს ვეტო დაადოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს. პოლონეთის პრეზიდენტი წერს, რომ ბიუჯეტი ითვალისწინებდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის სამი მილიარდი ზლოტის გამოყოფას. დუდა განმარტავს, რომ ის არ დაეთანხმება საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების პროექტს იმ პირობებში, როდესაც „კონსტიტუციისა და დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები ირღვევა“. დუდას თქმით, ის შობის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთარ პროექტს წარუდგენს პარლამენტს. პოლონეთის პრეზიდენტი ითხოვს, რომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის დასამტკიცებლად სეიმი წლის ბოლომდე საგანგებოდ შეიკრიბოს.
ასევე, გასულ კვირას პოლონეთის კულტურის ახალდანიშნულმა მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელები. პოლონეთის ყოფილი მმართველი პარტიის წევრები. პოლონეთის პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრად 13 დეკემბერს დანიშნეს. ის კოალიციურ მთავრობას ხელმძღვანელობს. როგორც „პოლიტიკო“ წერს, პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლების გარშემო მიმდინარე დაპირისპირება უფრო ფართო ბრძოლის ნაწილია, როდესაც ტუსკის მთავრობა ყოფილი მმართველი პარტიის წევრების პოლიტიკური გავლენისა და დაფინანსების შემცირებას ცდილობს.
მედიის ცნობით, ბოლო დღეებში პოლონეთის პარლამენტში შეიქმნა კომისია, რომელიც წინა მთავრობის გადაცდენებს შეისწავლის, მათ შორის საეჭვო კონტრაქტებს, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს გაფორმდა და ასევე, 2020 წლის არჩევნების დროს ფოსტით ხმის მიცემის პროცედურის დანერგვას და დაფინანსებას, რაც პარლამენტის მიერ არ იყო ავტორიზებული.