პოლიტპატიმრის მიმართ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე სასამართლომ ერთი პირი დამნაშავედ ცნო
პოლიტპატიმრის მიმართ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე სასამართლომ ერთი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიტპატიმარ ბექა პეტრიაშვილის მამხილებელი ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე ბრალდებული კ.ჯ. დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

„პოლიტპატიმარ ბექა პეტრიაშვილის საქმეზე  ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 6 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებს, თითქოსდა ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, დაკავებული ჰყავდათ ოპოზიციურ-პოლიტიკური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ბექა პეტრიაშვილი.

იმავე დღეს პოლიციის განყოფილებაში მიყვანილ იქნა ცრუ მოწმე კ.ჯ., რომელმაც მოწმის სახით დაკითხვისას, დაკავებული ბექა პეტრიაშვილის დანაშაულში მხილების მიზნით, გამოძიებას მისცა ცრუ ჩვენება, რომლის თანახმადაც, თითქოს იგი ბექა პეტრიაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის თვითმხილველი გახდა, თუ როგორ არღვევდა იგი საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდა ადგილზე სიტუაციის განსამუხტად მისულ პოლიციის თანამშრომლებს.

პროკურატურის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ ინციდენტის დროს, კ.ჯ. არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ვერ გახდებოდა ფაქტის თვითმხილველი და მან ცრუ ჩვენება ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნის მიზნით მისცა.

კ.ჯ.-ს სასამართლომ ცრუ ჩვენებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით, 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ამნისტიის აქტის საფუძველზე შეუმცირდა და განესაზღვრა 1 წლით და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება პოლიტპატიმარ ბექა პეტრიაშვილს, რომელიც 2011 წლის 06 დეკემბერს გასამართლებული იქნა ცრუ ჩვენების და საქმეზე ხელოვნურად შეკრებილი გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მისი საქმის გადასინჯვის და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.