პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია - რეაქცია, რომელიც დასავლეთმა ბოლო დღეების განმავლობაში გამოავლინა, არის ადეკვატური და იმედია, ასეც გაგრძელდება
ალბათ, კიდევ რამდენიმე დღე იქნება კრიტიკული და იმედია, უკრაინა ამას გაუძლებს, – ამის შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„რუსეთში იყო მოლოდინი, რომ როგორც თავად ეძახიან, ეს ოპერაცია ორ-სამ დღეში უნდა დამთავრებულიყო, თუმცა მათ ვერ გაითვალისწინეს უკრაინელი ხალხის ხასიათი და რაც მთავარია, მოტივაცია, რომ საკუთარი მიწა-წყალი დაიცვან. რაც უფრო დრო გადის, რუსეთს მით უფრო გაუჭირდება წარმატების მიღწევა. იმიტომ, რომ უკრაინელი ხალხიც უკვე სხვა განწყობაზეა და რაც მთავარია, საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც მორალურად, პოლიტიკურად და უკვე არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ სამხედრო ძალითაც შეეცდება, უკრაინას დაეხმაროს“, – განაცხადა კაკაჩიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გააკეთა თუ არა დასავლეთმა მაქსიმუმი რუსეთზე ზეწოლის თვალსაზრისით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, კორნელი კაკაჩიამ განაცხადა, რომ საყვედურები, რომელიც დასავლეთის მისამართით ისმოდა, საკმაოდ სამართლიანი იყო, რადგან უკრაინაში სიტუაცია 2014 წლიდან ფაქტობრივად, უმძიმესი იყო და დასავლეთს შეეძლო, უფრო მეტად დახმარებოდა, თუმცა რეაქცია, რომელიც დასავლეთმა ბოლო დღეების განმავლობაში გამოავლინა, არის ადეკვატური და იმედია, ეს ასეც გაგრძელდება.
„იმიტომ, რომ უბრალოდ, აქ მარტო უკრაინის უსაფრთხოებაზე არ არის საუბარი. ეს არის უკვე ევროპის უსაფრთხოება და მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ რეგიონის ქვეყნების მომავალზეა საუბარი“, – განაცხადა კაკაჩიამ.
მისი თქმით, თუ გადაწყვეტილება მიიღება და რუსეთს SWIFT-იდან გათიშავენ, რაც ალბათ, უახლოეს დღეებში მოხდება, რუსეთის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიადგება.
ამასთან, როგორც კორნელი კაკაჩიამ აღნიშნა, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გავლენას მოახდენს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ჩვენი რეგიონის, მათ შორის საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკაზეც.
„სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები თავს იკავებდნენ სხვადასხვა სანქციაზე. როცა სანქციაზე ვსაუბრობთ, არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს მარტო ერთ ქვეყანას ეხება. ამ ურთიერთდაკავშირებულ საერთაშორისო ეკონომიკაში ბუნებრივია, დასავლური კომპანიებიც კარგავენ გარკვეულ შემოსავალს და ეს მათთვის სერიოზული დარტყმაა, მაგრამ იმის უპასუხოდ დატოვება, რაც დღეს უკრაინაში ხდება, უბრალოდ, არავის არ შეეძლო. ეს იყო დასავლეთის არა მარტო მორალური, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და დარწმუნებული ვარ, ისინი ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ“, – განაცხადა კაკაჩიამ.
როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგი აუცილებლად უზარმაზარ გავლენას მოახდენს მთელ რეგიონზე და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე.
„არსებობს სხვადასხვა სცენარი და საუკეთესო სცენარის განვითარების შემთხვევაში, თეორიულად რომ ვისაუბროთ, ეს იქნება სერიოზული გარღვევა უკრაინისთვის და ასევე საქართველოსთვის, მაგრამ ამისთვის საჭიროა, საქართველოს ხელისუფლებამ ცოტა მეტი იაქტიუროს და საერთაშორისო ასპარეზზე რაღაცნაირად გააუმჯობესოს თავისი რეპუტაცია, რომელიც ძირითადად, დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ კრიზისზე და მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. უკრაინის საკითხი არ არის ჩვეულებრივი საკითხი საქართველოსთვის. იმიტომ, რომ ჩვენ, ორი ქვეყანა ერთად განიხილება, მათ შორის, ნატო-სთან დაკავშირებით. ასევე, ასოცირებული ტრიოს ფარგლებში და ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვეცადოთ, შესაძლებლობის ეს ფანჯარა, რომელიც შესაძლოა, გაიხსნას, გამოვიყენოთ. წევრობაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ვიცით, რომ უკრაინის ხელისუფლება მოითხოვს, უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიეცეს. ეს მარტო უკრაინის ხელისუფლების მოწოდება არ არის, პოლონეთის პრეზიდენტმაც იგივე განაცხადა და თუ ამასთან დაკავშირებით ევროპაში საზოგადოებრივი აზრი შეიცვლება, ეს იქნება ძალიან სერიოზული გარღვევა ამ მიმართულებით. თუმცა, ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში“, – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.