პოლიტიკურმა პლატფორმამ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ წინასაარჩევნოდ თბილისის გეგმის პრეზენტაცია გამართა
„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს პირობებში ოპონენტები ნაკლებად საუბრობენ რის გაკეთებას აპირებენ ქვეყნისთვის.
ვაშაძეს მიაჩნია, რომ „მესამე ძალის“ მიერ წარდგენილი ქვეყნის განვითარების გეგმა არის ამბიციური და არასტანდარტული, ამასთან მისი თქმით, „მესამე ძალის“ გუნდს გაგაჩნია ამბიცია, რომ დაასრულონ ორპოლუსიანობა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობა შეცვალონ.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს, წარვადგენთ ჩვენს გეგმას და პროგრამას. პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს პირობებში, ყველაზე ნაკლებად არის საუბარი თუ ვინ, რის გაკეთებას აპირებს. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, რომ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, მაგრამ კონკრეტულად იმაზე საუბარი თუ ვინ რის გაკეთებას გეგმავს, ვის რა გეგმა აქვს, აქვს თუ არა კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯები, პროექტები, იმისათვის, რომ ის უამრავი პრობლემა, რომელიც ხალხს აწუხებს მოაგვაროს სამწუხაროდ ეს არ ჩანს. „მესამე ძალის“ და ჩვენი გუნდის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ამაშია, ჩვენ არა მხოლოდ ვაკრიტიკებთ, არამედ კონკრეტულად ვთავაზობთ გამოსავალს. ჩვენ არა უბრალოდ ვამბობთ, რომ ხელისუფლება შესაცვლელია, არამედ ვამბობთ თუ რისთვის არის ხელისუფლება შესაცვლელი, რის გაკეთებას ვაპირებთ საქართველოს ქალაქებსა თუ რაიონებში. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა საქართველოს ქალაქების, რაიონების და სოფლების ეკონომიკის განვითარება, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავზარდოთ შემოსავალი თითოეულ ოჯახში და რაც მთავარია ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ჩვენი პროგრამები არის ამბიციური, არ არის სტანდარტული, მაგრამ შენ თუ არ გაქვს ამბიცია მოახდინო გარღვევა, მუდმივად იქნები მაჩანჩალა, ეს არის ჩვენი ხელწერა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.